სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

0

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი 2017 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭებათ, ხოლო მათ დამხმარეებს ამღზრდელის სტატუსი.

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, აქამდე,  ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც ადრეულ და სკოლამდე აღზრდისა და განათლების კომპონენტს დაარეგულირებდა, არ არსებობდა. რის შედეგადაც მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პატარები არათანაბარ გარემოში იყვნენ და ხშირ შემთხვევაში, არამხოლოდ მოუწესრიგებელ გარემოში, არამედ სავალალო მდგომარეობაშიც უწევდათ ყოფნა.

“ეს კანონპროექტი ორიენტირებულია განათლების ხარისხის განვითარებაზე, საყოველთაო ხელმისაწვდომობასა და სისტემური მიდგომის გაუმჯობესებაზე. როგორც კი ამოქმედდება კანონი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები. მათ შორისაა სკოლამდელი მზაობის პროგრამა, რომელიც უკვე დაწყებული გვაქვს. სტანდარტიც დამტკიცებულია. შესაბამისად, როგორც კი კანონი ძალაში შევა, ჩვენც დავიწყებთ ყველა სხვა თანამდევი საკითხების დამტკიცებას”,-აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

კანონპროექტის თანახმად, 10-მდე სამთავრობო სტრუქტურა თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას ბაგა-ბაღების გამართულად მუშაობაზე. ამასთან, ყველა ამღზრდელ-პედაგოგი ვალდებული იქნება, ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით გადამზადება გაიაროს. კანონპროექტის მიხედვით, ყველა ბაგა-ბაღში უნდა შეიქმნას მშობელთა საკონსულტაციო საბჭოები. ასევე, რეგულირებადი იქნება ჯგუფებში ბავშვების რაოდენობაც.

კანონპროექტი დაადგენს ბაგა-ბაღების ავტორიზაციის საკითხსაც. თავად კანონი ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა, ხოლო კანონის ის მუხლი,  რომელიც ჯგუფის მოცულობასა და პედაგოგების თანაფარდობას განსაზღვრავს, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

სხვა ახალი ამბები: