თემურ ნადარაია “ენგურჰესის” თანამშრომელთა დაბეგრვას გალის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ ითხოვს

0

გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, გალში 17 800  ადამიანი ცხოვრობს. აქიდან კი მხოლოდ 340 ადამიანს აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, დანარჩენი კი უცხო ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეები არიან. ნადარაია იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთის ე.წ პარლამენტი განახორციელებს ცვლილებებს თვითაღიარებული რესპუბლიკის კანონში და წესრიგში მოიყვანს გალში შექმნილ სიტუაციას.

გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ყველა იმ პირმა, რომელიც აფხაზეთში, კონკრეტულად გალში ცხოვრობდა 1999 წლის ოქტომბრის ჩათვლით, კანონის მიხედვით უნდა იქნას უზრუნველყოფილი მათი მუდმივი რეზიდენტობა.

“რამდენადაც ვიცი, პარლამენტი ძალიან მალე განიხილავს ამ საკითხს. იმედი მაქვს, რომ დეპუტატები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან აღნიშნულ საკითხს და კანონში შესაბამის ცვლილებებს შეიტანენ. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა განისაზღვროს ზუსტი სტატუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით”-განაცხადა თემურ ნადარაიამ გალში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თემურ ნადარაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ენგურჰესის თანამშრომლები უნდა დაიბეგრონ. მისი განცხადებით დე ფაქტო გალის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტს საშემოსავლო უნდა გადაუხადონ. გალის ადმინისტრაციის უფროსი ღიად აცხადებს, რომ მათ აქვთ ამის უფლება, რადგან ენგურჰესი აფხაზეთის ტერიტორიაზეა და სწორედ იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მსახურობენ.

“მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ორმხრივი მოლაპარაკებები, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ენგურჰესის თანამშრომლებმა გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც რაიონის ბიუჯეტს მოხმარდება. საგადასახადო მთლიანობაში 3 მილიონ რუბლს შეადგენს, რომელიც მათ 20 წლის განმავლობაში არ გადაუხდიათ. ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ ეს მოვითხოვოთ, რადგანაც ჰიდროელექტროსადგური ჩვენი რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს. ენგურჰესის 600-ზე მეტი თანამშრომელი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა”,-აღნიშნა ნადარაიამ.

 

სხვა ახალი ამბები: