თოდუა მიდის, ფაცაცია მოდის…- რა ხდება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში?

0

ქალაქ ზუგდიდის საკრებულო ხვალ, 26 აპრილს, თავმჯდომარის მოადგილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის გიორგი თოდუას გადაყენების საკითხზე იმსჯელებს. საკრებულოს ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მომხსენებელი ახლად არჩეული თავმჯდომარე ნატალია შეროზია იქნება. ამავე ცნობით, საკითხი დღის წესრიგში დეპუტატების მიერ დღეს საკრებულოში შეტანილი განცხადების შემდეგ დადგა.

გიორგი თოდუას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საკრებულოს ახალბედა წევრი “ქართული ოცნებიდან” თაზო ფაცაცია ჩაანაცვლებს. ამის შესახებ SMO NEWS-მა სანდო წყაროების მეშვეობით ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა.

“უკვე გადაწყვეტილია, რომ გიორგი თოდუას აღნიშნულ თანამდებობაზე თაზო ფაცაცია ჩაანაცვლებს, რომელიც “ქართული ოცნების” წევრია. შესაძლოა დანიშნვა არ მოხდეს ხვალ, თუმცა ზეგ ეს აუცილებლად მოხდება. ზუსტად ვიცი, რომ საკითხი გადაწყვეტილია”-აცხადებს SMO NEWS-ის წყარო ქალაქ ზუგდიდის სააკრებულოდან.

გიორგი თოდუა კი დაკავებული თანამდებობიდან მისი გადაყენების სავარაუდო მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს.

“ვარ დამოუკიდებელი ფრაქციის წარმომადგენელი და ჩემს მოსაზრებას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი. ვცდილობდით, საკრებულო არ გამხდარიყო ნოტარიუსი და მას შეესრულებინა საკუთარი ფუნქცია… შეიძლება, ამის გამო ვიღაცის გემოვნებაში არ ვჯდები… რაღაც კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებ”-აცხადებს გიორგი თოდუა, რომელიც ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.

გიორგი თოდუასგან განსხვავებით SMO NEWS-ის სატელეფონო ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის შერჩეული კანდიდატი თაზო ფაცაცია. SMO NEWS-მა დაკავშირება სცადა საკრებულოს თავმჯდომარესთან ნატალია შეროსიასთან. შეროზიას პირად ნომერზე ახალგაზრდა ქალმა მოგვიანებით დარეკვა გვირჩია.

სხვა ახალი ამბები: