ტყაიაში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

0

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტის ,,კულტურა საზღვრებს გარეშე” ფარგლებში, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში, სკოლის ეზოში, სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

სკოლის ეზოში განთავსებული მინი ბიბლიოთეკით (ე.წ. „წიგნის ბუდე“) სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტის მიზანი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში წიგნიერების დონის ამაღლება და კულტურულ-საგანმანათებლო სივრცეების შექმნაა.

ბიბლიოთეკის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ ,,ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი“-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, აგრეთვე სსიპ თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ირმა რატიანმა, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორმა მაკა ელბაქიძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა მწერალმა გიორგი კეკელიძემ ლექცია წაიკითხეს. ლექციაზე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავსა და 1918-1921 წლის ქართულ მწერლობაზე ისაუბრეს და მკითხველთან დიალოგი გამართეს, სადაც კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

პროექტის დასკვნითი ნაწილი კი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც რუხში ნეკა სებისკვერაძის ბენდის მონაწილეობით გაიმართება.