“წაჩხურობა” მარტვილში – ხალხმრავლობა აღდგომის მეოთხე დღეს

0

აღდგომის შემდგომი კვირის ყოველ ხუთშაბათს მარტვილის სოფელ წაჩხურში უშვილო წყვილები წაჩხურურის მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ. ტრადიცია არც დღეს დარღვეულა. მარტვილის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელში მოსალოცად შეიკრიბნენ ადამიანები ქვეყნის ყველა კუთხიდან.

წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზეა აგებული. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა აღდგომის მეოთხე დღეს, ხუთშაბათს. ამ დღეს უამრავი მორწმუნე სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ესწრება. უფრო მეტად, უშვილო წყვილები, გასათხოვარი და დასაქორწინებელი ქალ-ვაჟი იყრიან თავს. საოცარია, მაგრამ რეალობაა – ამ დღეს იქ ყოველთვის წვიმს.

შესაძლოა, სოფელში წვიმა არ იყოს, მაგრამ იმ ადგილას, სადაც ტაძარია, დღის რაღაც მონაკვეთში აუცილებლად გაწვიმდება. იქაურობა ნისლით იბურება.

ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ უამინდობის გამო ავტომობილით ხშირად ვერ ადიან. მოსალოცად მიმსვლელთა ნაკადი, წვიმის მიუხედავად, არ წყდება. გათენებისთანავე გრძელ აღმართს მომლოცველთა დიდი რიგი მიუყვება. უშვილო წყვილები პატარა, ლამაზად მორთული აკვნებით ადიან. ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. უამინდობის მიუხედავად, ბევრ ფეხშიშველ ადამიანსაც ნახავთ, ყველას თავისი დათქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა. ისინი სამადლობელის სათქმელად შესაწირით ადიან. აღმართზე დაპირებული ცხვარი ზოგს მხრებით აჰყავს, ზოგი ბატკანს ან ფრინველს სწირავს. ბევრს ხელში პატარა ჰყავს და ამბობს, რომ უფლის სასწაულით მოვლენილი, მადლობის სათქმელად აჰყავს.

ტრადიციაა – უძველესი დროიდან ამ ტაძრის მონახულება, მოლოცვა, ხუთშაბათობით ხდება, დღესასწაულიც ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს იმართება. მამა სერაფიმემ პირველი წირვა უშვილო წყვილთან ერთად ჩაატარა და იმ დღეს სასწაული მოხდა. დღეს წინამძღვარი არის მამა დანიელ (გვილავა) და ის აღასრულებს წირვა ლოცვას ყოველ ხუთშაბათს.

 

სხვა ახალი ამბები: