წალენჯიხაში მურთაზ ციმინტიას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში გაიმართა ცნობილი მომღერლისა და ლოტბარის, რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატის, ღირსების მედლის კავალერის, სახალხო ანსამბლ ,,ბედინერას” ხელმძღვანელის, მურთაზ ციმინტიას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

სპეციალურად ამ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ, ლიტვის რესპუბლიკიდან ქალაქ უკმერგეს ანსამბლ ,,არნიუშკა”-ს მომღერლები. საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ ასევე ქალაქ უკმერგეს მერი როლანდას იანიცკასი, მერიის ფინანსური მენეჯერი სტასის იაცკუნასი მეუღლეებთან ერთად.

ანსამბლ ,,რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ჭკუასელი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, ჩამოსული სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მურთაზ ციმინტიას მიენიჭა წალენჯიხის საპატიო მოქალაქის წოდება. ხოლო ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მურთაზ ციმინტია დააჯილდოვა ,,ხელოვნების ქურუმის” წოდებით. საპატიო ჯილდო ღვაწლმოსილ ლოტბარს გადასცა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.