“უპატარძლო ქორწილი” – არჩევნების მეორე ტური სანდრა რულოვსის გარეშე

0

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში მეორე ტურისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ადგილობრივი ლიდერები ბრძოლას სხვა ფრონტზე განაგრძობენ.

“ჩვენ ჩვეულებრივად ვემზადებით მეორე ტურისთვის, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობითვის”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ გუნავამ smo news-თან სატელეფონო საუბარში.

smo news-მა თენგიზ გუნავას კითხვა სანდრა რულოვსთან დაკავშირებითაც დაუსვა. გუნავანმ ყოფილ პირველ ლედიზე და ასევე უკვე ყოფილ მაჟორიტარზე საუბარი არ ისურვა.

“მე არ მსურს ამ ტემაზე საუბარი და შესაბამისად ამ თემის ირგვლივ ვერც ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ”-განაცხადა გუნავამ.

smo news-ის ინფორმაციით სანდრა რულოვსის ბოლო ჩამოსვლა სამეგრელოში 22 ოქტომბერს დაფიქსირდა, თუმცა საქართველოს ყოფილ პირველ ქალბატონს ადგილობრივ ლიდერებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. როგორც სარწმუნო წყაროებიდან ვიგებთ, რულოვსი პირველ ტურში განცდილი კრახის გამო სოწრედ ადგილობრივ ლიდერებზე იყო გაბრაზებული, რომელიც მან ცენტრალურ ოფიისში, პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვამდეც დააფიქსირა.

სანდრა რულოვსს ზუგდიდში განცდილი მარცხის შემდეგ საკუთარ ქალაქში მეგზურობას უმცროსი შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის ძიძა, ვინმე ლამარა და ზუგდიდის ყოფილი გამგებელი, ალექსანდრე ქობალია უწევდა. სააკაშვილის მეუღლის ბოლო ამოკვნესაც სწორედ ყოფილი გამგებლის პირადმა ტელევიზიამ გააჟღერა.

პარტიის ადგილობრივ ლიდერებს სანდრა რულოვსი 22 ოქტომბერს და არც მეორე დღეს არ შეხვედრია.

“რულოვსმა ყველაფერთან ერთად მადლობის თქმაც დაივიწყა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მას ფეხდაფეხ დასდევდნენ მთელი ორი თვე. ეს უბრალოდ ძალიან დიდი უმადურობაა, რომელსაც აქ ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. “ნაციონალური მოძრაობა” მაინც აგრძელებს ბრძოლას, თუმცა ნაკლებად იმედიანად. როგორც იტყვიან, ეს ყველაფერი “უპატარძლო ქორწილს” დაემსგავსა”-აცხადებს ადამიანი, რომელმაც smo news-თან კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა.

 

სხვა ახალი ამბები: