ვარსკვლავთცვენა Gem Fest-ზე – ფესტივალის მესამე სეზონი უპრეცედენტოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს

0

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დღეს, GEM Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და Check in Georgia-ს კოორდინატორი ქეთი ბოჭორიშვილი დაესწრო.

GEM Fest-ის ოფიციალური პარტნიორი BBC გახდა. პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ GEM Fest გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. ის გინესის რეკორდების წიგნში ჩაიწერება, როგორც ყველაზე მეტი არტისტის და ყველაზე მეტი ღონისძიების მქონე ფესტივალი.

„დღეს, ცნობილი გახდა, line up-ის საბოლოო შემადგენლობა, რაც თავისი მასშტაბით, მსოფლიო დონის მუსიკალური ფესტივალების რანგისაა. GEM Fest-ის მესამე სეზონი უპრეცედენტოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს და ანაკლიაში ერთი თვის განმავლობაში,14 ივლისიდან 14 აგვისტომდე, 8 სცენაზე 500 არტისტი დაუკრავს, ხოლო ფესტივალის ფარგლებში 1300-მდე ივენთი მოეწყობა.

GEM Fest-ზე მსოფლიოს #1 დიჯეი მარტინ გარიქსი დაუკრავს და მხოლოდ ერთი დღით, 3 აპრილს მარტინ გარიქსის ივენთზე დასასწრები ბილეთი უპრეცედენტოდ დაბალ ფასად – 25 ლარად გაიყიდება.

GEM Fest-ზე წელს, 1 თვის განმავლობაში, მარტინ გარიქსის სტივ აოკი, პოლ კალკბრენერი, სოლომუნი, აქსელინგროსო და სხვა მსოფლიო მასშტაბის არტისტები დაუკრავენ. სოფელ განმუხურში დაგეგმილი ფესტივალი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ფესტივალების რანგის იქნება.

line up-ის მასშტაბურობიდან გამომდინარე, GEM Fest-ის ოფიციალური პარტნიორი BBC გახდა. სწორედ საერთაშორისო მედიის აქტიური ჩართულობითა და სწორი მარკეტინგული კამპანიის შედეგად, ფესტივალზე 2017 წელს ორგანიზატორები ათიათასობით უცხოელ ტურისტს ელიან, რომლებიც სამეგრელოში ათეულობით მილიონ დოლარს დახარჯავენ“, – აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.

სხვა ახალი ამბები: