ვის აუშენებს ზუგდიდის მერია ახალ სახლებს? – სოციალური კომისია მუშაობას აგრძელებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, საკრებულოს წევრმა დავით გახარიამ და მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ მაია ჩიტაიამ შემოსული განცხადებები ჭითაწყარის, აბასთუმანის და ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაამოწმეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯამში 210 განცხადება შემოვიდა. აქედან, 132 სახლების მშენებლობას და 78 კი ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამას შეეხებოდა.

სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამებისთვის მიმდინარე წელს 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი ,,ერთი თბილი ოთახის“ პროექტისთვისაა გათვალისწინებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.