ვის მოუწევს ბოდიშის მოხდა? – ურთიერთბრალდებები მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ზუგდიდში

0

“თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, ე. წ. “პრესოვკა-მახარაძის” საარჩევნო უბანზე დავით ვერავას წარდგენისას, აღნიშნული უბნის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ უბნის ყოფილი დეპუტატი, მერაბ ქვარაია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში არცერთხელ მისულა და ამ ადამიანების პირობებით არ დაინტერესებულა.

ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ აქ მცხოვრებ მოსახლეობას რეალურად რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება, რადგან შენობა მთლიანად ამორტიზებულია. მისივე მტკიცებით, ქალაქის ბიუჯეტს საკმარისი რესურსები გააჩნია საიმისოდ, რომ მსგავსი სახლების რეაბილიტაცია ადრეც მომხდარიყო. მან აღნიშნულის დასადასტურებლად ჟურნალისტებს რამდენიმე გამარტივებული შესყიდვის მაგალითი უჩვენა და დასძინა, რომ ამ შემთხვევებში ტენდერის ჩატარება ათასობით ლარის ეკონომიას მისცემდა ბიუჯეტს.

“მსგავსი პრაქტიკა კორუფციის რისკებს ქმნის და ეს არ არის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებები. ეს არის შეფასებები, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ. რაც შეეხება მერაბ ქვარაიას, დღეს მას სურს წარმოადგენს პარლამენტში ზუგდიდს, მაშინ როდესაც ის მოქალაქეების პრობლემებს საკუთარ საარჩევო ოლქში აქცევდა ადეკვატურ ყურადღებას”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანს “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ უპასუხა. ის ბრალდებებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და ამბობს, რომ თუ ჩიქოვანს სამართალდარღვევის კონკრეტული ფაქტები გააჩნია, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს.

“მას მოუწევს ბოდიშის მოხდა დაუსაბუთებელ ბრალდებებზე” -აცხადებს “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და იქვე დასძენს:

“ყველა კანდიდატმა და მათ შორის პარლამენტარმა უნდა იცოდნენ, რომ თუ მათ აქვთ რაიმე სახის ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ, სარწმუნო ინფორმაცია, უნდა მიმართონ შესაბამის უწყებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა ცილისწამებისთვის. რაც შეეხება ჩიქოვანს, რომელიიც არის მოქმედი პარლამენტარი. 4 წლის განმავლობაში ის არც ერთხელ არ დაინტერესებულა ქალაქ ზუგდიდის ცხოვრებით. ფაქტობრივად მას არანაირი სარგებელი საკუთარი ამომრჩევლისთვის ამ 4 წლის განმავლობაში არ მოუტანია.

კითხვებზე პასუხი იქნება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები და შედეგები, რომელსაც ჩვენ ვნახავთ 2016 წლის 9 ოქტომბერს”,-აცხადებს მერაბ ქვარაია.

სხვა ახალი ამბები: