“ვისაც სამართლიანობის აღდგენის იმედი ჰქონდა, დღეს იმედგაცრუებულია” – ბლიცი ოთარ ჭითანავასთან

0

-როგორ ფიქრობთ, რატომ შეაჩერა თქვენზე არჩევანი ,,პატრიოტთა ალიანსმა’’?

-“პატრიოტთა ალიანსში” გაერთიანებული არიან ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს შიშველი ხელით ებრძოდნენ უსამართლობას და მის მიერ შექმნილ ავტორიტარულ რეჟიმს. მეც ჩემი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი ამ დიდ და კეთილშობილურ საქმეში. დარწმუნებული ვარ, ეს იყო ერთერთი მთავარი კრიტერიუმი რის გამოც მე პატივი მერგო წარდგენილი ვყოფილიყავი პატრიოტთა ალიანსის სახელით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზუგდიდში.

-რა გაკავშირებთ ზუგდიდთან და რამდენად იცნობთ მის პრობლემებს?

-ზუგდიდი ჩემი მშობლიური ქალაქია, აქ ვარ გაზრდილი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ზუგდიდთან არის დაკავშირებული. ამიტომ, არამგონია ვინმემ მასწავლოს რა პრობლემები აქვს ქალაქს და რა გამოწვევების წინაშე დგას  დღეს ზუგდიდი.

-როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა თქვენ და ,,პატრიოტთა ალიანსს’’?

-ჩვენს გაერთიანებაში არიან ადამიანები, რომელთაც  ალიანსში გავლილი აქვთ ურთულესი პოლიტიკური გზა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება სხვა პარტიებისგან აღებული კურსის, პრინციპების ერთგულებით, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებით და პატრიოტული სულის კვეთებით.

-როგორია თქვენია სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას შეეცდებით პირველ რიგში, როცა დეპუტატი გახდებით?

-მოქმედი ხელისუფლება უამრავი მოუგვარებელი პრობლემით მოვიდა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე. სადაც არ უნდა გავიხედოთ ყველგან პრობლემებია. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს  ვერც საშინაო და ვერც საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ატარებს დღეს საქართველოს მთავრობა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ თანმიმდევრულად და უმოკლეს ვადებში მოვახერხოთ მათი გადაჭრა ჩვენი ხალხის მხარდაჭერით, მათი აქტიური მონაწილეობით ამ ურთულეს და წინააღმდეგობებით სავსე პროცესში.

-რითია გამორჩეული თქვენი წინასაარჩევნო პროგრამა?

-რაც შეეხება ჩვენს წინასაარჩევნო პლატფორმას, ჩვენ ის  ნათლად, ყველასთვის გასაგებად და რეალისტურად გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში. სხვაობები რა თქმა უნდა დიდია სხვა პარტიებთან და პირველ რიგში მათთან ვინც იყვნენ ბოლო წლების განმავლობაში კოალიცია ,, ქართული ოცნების’’ შემადგენლობაში. მოვიყვან ერთ მარტივ მაგალითს. ჩვენს პროგრამებში მთავარი ამოცანა არის სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა, რაზეც სხვა პარტიები საუბარს ერიდებიან,  რადგან დღემდე ნაციონალებთან კოჰაბიტაციაში არიან გართულნი.  ახლა,  როცა კოალიცია დაიშალა ამ თემაზე საუბარიც არ უნდათ. ასეთი მიდგომა კი ჩვენთვის არის აბსოლიტურად გაუგებარი და კატეგორიულად მიუღებელი.

-რომელი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი მიგაჩნიათ თქვენს ძირითად კონკურეტად და რატომ?

-ძირითად კონკურეტად შეიძლება მივიჩნიოთ ,,ქართული ოცნება’’, თუმცა მათაც არ ჩავთვლიდით კონკურენტებად,  რომ არა მთელი სახელმწიფო აპარატის ჩართულობა მთელი ქვეყნის მასშტაბით,  მათი კანდიდატების გასაყვანად. ეს რა თქმა უნდა არღვევს ძალთა ბალანსს და თავისუფალი კონკურენციის ფუძემდებლურ პრინციპებს. თუმცა, ჩვენ ამას არ ვუშინდებით,  ადრე უფრო მეტი წინააღმდეგობაც შეგხვედრია,  მაგრამ ძალების მაქსიმალური მობილიზებით და რა თქმა უნდა ხალხის მხარდაჭერით,   ბევრი სირთულის დაძლევა შევძელით.

-არჩევნებამდე ორი კვირა რჩება, რას ეტყვით თქვენს ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ?

-ჩემო ზუგდიდელებო, 8 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამ პროცესში, თქვენი აქტიური ჩართულობის და მხარდაჭერის იმედი გვაქვს.  შემოგვიერთდით,  რადგან ჩვენ მხარს გვიჭერს ყველა, ვისაც აღელვებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე,  ვინც დიდი იმედით შეხვდა ხელისუფლების შეცვლას,  ვისაც სამართლიანობის აღდგენის იმედი ჰქონდა და დღესაც იმედგაცრუებულია. ვთვლი,  რომ ზუგდიდის დეპუტატის საქმიანობა,  უნდა ეფუძვნებოდეს ზუგდიდელების მოსაზრებებს და ინიციატივებს. აქ დაგვჭირდება ყველა თაობის გამოცდილება და დახმარება,  პირველ რიგში, უფროსი თაობის,  რომელსაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნათ ქალაქის მართვაში.  ჩვენი თაობის ვალია,  ამ უნიკალური გამოცდილების მაღალ ხარისხში აყვანა და განვითარება, ამიტომ ჩვენი გამარჯვება აქ იქნება ყველა თაობის გამარჯვება,  რადგან ამ ბრძოლაში მოგებული დარჩება ზუგდიდი და მთელი ქვეყანა.