ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

0

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მერის მოადგილე გია გულორდავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია. ზურაბ ალავიძის განცხადებით, ათეული წლებია ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას არა მხოლოდ ადგილობრივიმოსახლეობა, არამედ ფართო საზოგადოება სულმოუთმენლად ელოდება . ,,მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობილი ბოტანიკური ბაღი ექნება’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენის თავლსაზრისით, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და შექმნის დამატებით იმპულსს რეგიონში ინვესტიციების მოსაზიდად. ზურაბ ალავიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ინარჩუნებს ბოტანიკურ ბაღში დაცულ იშვიათ მცენარეებს. ,,მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში’’.

რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს ბაღის მთლიანი ტერიტორიის, დაახლოებით 25 ჰექტარის კეთილმოწყობას. ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურული მცირე ფორმებისა და კეთილმოწყობის ელემენტების აღდგენა-რეაბილიტაციას და ახალი ელემენტების გაჩენას, ადმინისტრაციული შენობის, ბოტანიკური ბაღის ღობის აღდგენას და ოთხი ალაყაფის ჭიშკრის მოწყობას, სანერგე მეურნეობის მოწყობას, საპირფარეშოს განთავსებას, საჯინიბოს შენობის განახლებას, კონსერვაციის სამუშაოებს, არსებული ჯვარედინა სასახლის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებს, მებაღის სახლის რეკონსტრუქციას, საფეხმავლო ბილიკების მოწყობას გარე განათების გათვალისწინებით, არსებული ხელოვნური ტბისა და არხების აღდგენას, ტბის წყალმომარაგებისთვის მდინარე ჩხოუშის ტერასაზე სადრენაჟო ქსელის და მაგისტრალური ჭედადი თუჯის მილსადენის, სარწყავი და სადრენაჟო სისტემის, სასმელი წყლის და კანალიზაციის ქსელის მოწყობას. იგეგმება დენდროლოგიური პარკის ახალი ჯიშებით გამდიდრებაც.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯავა“ განახორციელებს. სამუშაოებისთვის 11 მილიონ 974 ათას 436 ლარი დაიხარჯება. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განხორციელებს.