ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია შპს “გრინვესტმა” დაიწყო

0

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციისთვის 79 ათასი ლარი დაიხარჯება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გრინსერვისი“ ატარებს.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე ვერ მოესწრება. პირველ ეტაპზე არხის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყება, ასევე პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება, მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელების, სარწყავი სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა და დეკორატიული ქოთნების განთავსებაა დაგეგმილი.

დარჩენილი სამუშაოები 2018 წლის იანვრიდან გაგრძელდება. დოკუმენტის მიხედვით, მცენარეებს ადრე გაზაფხულისთვის, თებერვლისა და მარტის თვეებში დარგავენ.

დენდროლოგიური პროექტით გათვალისწინებულია ბულვარში არსებული გადაბერებული და უსახური 17 მცენარის მოჭრა-ამოძირკვა, ადამიანთა და კომუნიკაციების უსაფრთხოების მიზნით ხმელი მცენარეების მოჭრა, ცოცხალი მცენარეების გათავისუფლება ხმელი ტოტებისგან, მოჭრილი მცენარეების ადგილზე კი ახალი, იგივე სახეობის მცენარეთა დარგვა, ასევე უსისტემოდ დარგული, გადაზრდილი მცენარეების გასხვლა-ფორმირება.

სხვა ახალი ამბები: