ზუგდიდის გამგებელი დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს ეცნობა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს ლაშა ჯაიანთან ერთად, კორცხელის, ნარაზენის, შამადელასა და აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

კორცხელში დასრულდა ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც ორ სოფელს, კორცხელსა და ჭკადუაშს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა, ახალი ხიდის მოწყობით კი მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა საერთო ღირებულებამ 126 917 (ას ოცდაექვსი ათას ცხრაას ჩვიდმეტი) ლარი შეადგინა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ნარაზენსა და აბასთუმანში.
ნარაზენში, ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, ხოლო აბასთუმანში, მდინარე ჯუმის ხიდიდან ცენტრამდე გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ნარაზენი -შამადელას გზის რეაბილიტაციაზე 273 000 ლარი, ხოლო აბასთუმანის გზაზე 1 მილიონამდე ლარი იხარჯება.

შამადელაში მოსახლეობამ ლაშა გოგიას წყლის პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა. წყალმომარაგების პრობლემა 15 ოჯახს აწუხებს. აღნიშნული საკითხის შესწავლა შესაბამის სამსახურს უკვე დაევალა.

ლაშა გოგიას განცხადებით, ყველა სოფელთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის გამგეობის პრიორიტეტია, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება.

2016 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 000 მეტრ გზას, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 8 818 848 ლარი შეადგინა.

სხვა ახალი ამბები: