ზუგდიდის გამგებელი მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებთან შეხვედრებს განაგრძობს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, დარჩელის, კიროვისა და ახალკახათის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. მოსახლეობამ გამგებელს ძირითადად შიდა საუბნო გზების, თხილის მავნებელი მწერებისა და სოციალური პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართა.

ლაშა გოგია მოსახლეობას ყველა პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარებას დაპირდა. მოგვარებული იქნება შიდა საუბნო გზების პრობლემა. როგორც გამგებელმა მოქალაქეებს განუმარტა, მუნიციპალიტეტის გამგეობა მიმდინარე წელს სპეც-ტექნიკის შეძენას გეგმავს, რაც შიდა საუბნო გზების პრობლემის მოგვარებას გააადვილებს.

თხილის მავნებლების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია. დგინდება მონაცემები და მოსახლეობა შესაწამლ პრეპარატებსა და აპარატურას სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებს, შეწამვლის პროცესი კი მაისის თვიდან დაიწყება.

დარჩელის რამდენიმე მცხოვრებმა გამგებელს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებიდან გამომდინარე საცხოვრებელი სახლის პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა. ვინაიდან მუნიციპალიტეტის გამგეობა, მძიმე საოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლს უშენებს, ბენეფიციარები სოციალური სახლების მშენებლობის საკითხზე შექმნილ სპეციალურ კომისიას განცხადებით მიმართავენ.

მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს გამგებლის ინიციატივაზე და აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა გამგებელი მათი საჭიროებების მოსასმენად პირადად ჩავიდა ადგილზე.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 48 ტერიტორიული ერთეულია, გადავწყვიტე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდე მოსახლეობას, ადგილზე გავეცნო მათ პრობლემებს და ადგილზევე გადავჭრა ის პრობლემა რისი გადაწყვეტაც შესაძლებელია“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

სხვა ახალი ამბები: