ზუგდიდის გამგებელმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, კოკში, კახათსა და ჩხორიაში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. აღნიშნულ სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს ორსანტიასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციიის მეორე ეტაპი. კოკი-ორსანტიის დამაკავშირებელი გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. რეაბილიტირდება და ბეტონის საფარი ეწყობა 555 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზაზე.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციით სარგებელს ორივე სოფლის მოსახლეობა მიიღებს. პროექტის ღირებულება 259 999 (ორას ორმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარია. კოკი- ორსანტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2016 წელს განხორციელდა. გზის საფარის დაგების პარალელურად მოწესრიგდა სანიაღვრე არხები,მობეტონდა მოსახლეობის ჭიშკრების მისადგომები და მოწესრიგდა ტროტუარები.

გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში, ზემო ჩხორიას უბანში. ჩხორიაში, სათორდუოსა და ზემო ჩხორიას უბნებში გზა გაუვალია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1603 მეტრს, სიგანე კი 5 მეტრს შეადგენს. ამ ეტაპზე, 500 მეტრი სიგრძის გზა რეაბილიტირდება. მოეწყობა ბეტონის საფარი. რეაბილიტირებული გზით სარგებელს წელიწადში 6000 ადამიანი მიიღებს. გზის რეაბილიტაციაზე 295 163 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ას სამოცდასამი) ლარი იხარჯება.

გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში. კერძოდ, რეაბილიტირდა შიდა საავტომობილო გზა რუსთაველის ქუჩაზე. რეაბილიტირებული გზის სიგრძე 1170 მეტრს, სიგანე კი 5 მეტრს შეადგენს. მოეწყო ბეტონის საფარი. კახათის გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და თვეში საშუალოდ ამ გზით 3000-მდე ადამიანი სარგებლობს. პროექტის ღირებულებამ 197 000(ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი შეადგინა.

პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

,,გზების რეაბილიტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად განხორციელდება და სოფლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზა ექნება“,-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია.

სხვა ახალი ამბები: