ზუგდიდის გამგებლის სტიპენდიას წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომისია, მიმდინარე წელს პირველ სხდომაზე შეიკრიბა და 3 წარჩინებულ სტუდენტს გამგებლის სტიპენდია დაუნიშნა. სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია უძღვებოდა.

გამგებლის სტიპენდია ახალსოფელის მკვიდრს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მე-3 კურსის სტუდენტს (იუნკერს) ბაია ღუბელაძეს დაენიშნა. ბაია ღუბელაძე ყოველთვიურად სტიპენდიის სახით 300 ლარს მიიღებს. ყოველთვიური სტიპენდია 200 ლარის ოდენობით, დაენიშნა თამარ ნარმანიას. თამარი დარჩელის ადმინისტრაციული ერთეულიდანაა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია. კომისიის გადაწყვეტილებით 200 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს თამუნა ჭიჭაღუა. თამუნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტია.

ფინანსური ხელშეწყობის-თანადაფინანსების პროგრამაში შეიძლება მოხვდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე მცხოვრები ახალგაზრდები(სტუდენტები), რომლებიც აკრედიტირებულ უმაღლეს ან სხვა ტიპის სასწავლებელში სწავლობენ, გააჩნიათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან.

“ჩვენთვის ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი წახალისება პრიორიტეტია. ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის საწინდარია”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია.

სხვა ახალი ამბები: