ზუგდიდის გამგეობა ახალი, ინოვაციური პროექტის განხორციელებას იწყებს

0

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ახალი, უნიკალური პროექტის ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს მუნიციპალიტეტის გამგეობა არაკომერციულ ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით ახორციელებს და ინოვაციური სერვისის დანერგვას ითვალისწინებს. სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენენ, რომელთაც არა აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური საშუალება მოიწესრიგონ საცხოვრებელი გარემო-პირობები და ჰიგიენა.

პროექტისთვის შეირჩა 30 ბენეფიციარი, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ამ პროექტში ჩართვას. პროექტისთვის შეძენილ იქნა სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც აღჭურვილია სარეცხი მანქანით, წყლის ავზითა და ყველა საჭირო ინსტრუმენტით. სერვისის დასანერგად ჩამოყალიბდა სამედიცინო მუშაკით, დამლაგებლით, მძღოლითა და ახალგაზრდა მოხალისეებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი, რომლებიც წინასწარ შერჩეულ მარტოხელა ბენეფიციარებს ადგილზე მისვლით მოუწესრიგებენ საცხოვრებელ გარემოს, კარ-მიდამოს, იზრუნებენ მათ ჯანმრთელობასა და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.

პროექტის ხანგრძლივობა 7 თვეა და ის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში“(People In Need) პროექტის ფარგლებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების 2017 წლის პროგრამით-,,სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა“.

პროექტის პრეზენტაციაზე სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ გამგეობის სოციალური პროექტები წარადგინა. გამგეობა 12 სოციალურ პროგრამასა და 36 ქვეპროგრამას წარმატებით ახორციელებს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ არასამტავრობო ორგანიზაცია PIN-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც განხორციელდება.

,,მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს წარმატებით ახორციელებს. ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ გამგეობის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტია, რომელიც მარტოხელა ხანდაზმულებზეა ორიენტირებული. მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის წარმომადგენლებს ამ ინოვაციური პროექტის მხარდაჭერისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ მსგავს პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ-“აღნიშნა ლაშა გოგიამ.

პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის , არასამთავრობო სექტორისაა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს საკვებით რესტორანი ,,ბერმუხა“, საჭირო მედიკამენტებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა უზრუნველყოფენ, ხოლო მიკრო-ავტობუსისთვის სარეკლამო პოსტერები ტექნო-პარკმა დაამზადა.

სხვა ახალი ამბები: