ზუგდიდის მერია განცხადებას ავრცელებს

0

ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამით 2018 წლის 1 აპრილის მონაცემებით ისარგებლა 623-მა ბენეფიციარმა (140 438 ლარი), რაც კვარტალში დამტკიცებული ბიუჯეტის 47% შეადგენს.

მოქალაქეების განცხადებების კომისიურად განხილვისას გამოიკვეთა ტენდენცია მერიაში წარადგინონ მკურნალობის კურსის კალკულაცია რამდენიმე თვეზე, რაც არსებული მაქსიმალური ლიმიტით დაფინანსების გაგრძელების შემთხვევაში ქმნის საფრთხეს დაფინანსების მიღმა დარჩნენ ის ბენეფიციარები, ვინც ითხოვს ერთი კურსის დაფინანსებას. ამასთან ოჯახის ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მოქალაქეები დაჟინებით ითხოვენ სამედიცინო დოკუმენტაციაში ჩაიწეროს მკურნალობის ხანგრძლივი კურსის საჭიროება, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტით.

აქედან გამომდინარე, მომართვიანობის მზარდი მაჩვენებლის გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა მედიკამენტების დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვროს 150 ლარით, რაც მოქალაქეებს მკურნალობის კურსის ჩატარების საშუალებას მისცემს. გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებზე, რომლებიც ისარგებლებენ ძველი ლიმიტით (250 ლარი).

ამდენად, ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი არ შეცვლილა. ცვლილება შეეხო მხოლოდ მედიკამენტების დაფინანსების მაქსიმალურ ლიმიტს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით, 200 პროცენტით გაიზარდა.