ზუგდიდის მერიაში იტალიის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, იტალიის საელჩოს წარმომადგენლებს დასავლეთ საქართველოში კარლო სერაფინის, გაგა შოთაძესა და გიორგი ვერავას შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ზუგდიდისა და იტალიის ერთ-ერთ ქალაქის, პესკარას დამეგობრებას, მრავალი გაცვლითი პროგრამის განხორციელებას და თანამშრომლობას შეეხო.

შეხვედრაზე კარლო სერაფინიმ, კულტურის, სპორტის, ხელოვნებისა და მედიცინის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობაზე და ზუგდიდში საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა. საფეხბურთო სკოლა რეგიონში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც მომავალი თაობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

,,საქართველოსა და იტალიას დიდი ხანია მჭიდრო კულტურული ურთიერთობები აკავშირებს, ამ ურთიერთობებში კი დიდი როლი სამეგრელომ შეასრულა. მოხარული ვარ თქვენი სტუმრობით ზუგდიდში. სწორედ ასეთი უშუალო კავშირებიდანაა შესაძლებელი რეგიონის, ქალაქისა და ქვეყნის განვითარება. მადლობელი ვარ ასეთი შემოთავაზებისთვის, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ ეს მეგობრული ურთიერთობა შედგეს“-აღნიშნა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.