ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები დაიწყო

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები დაიწყო. გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ, სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლების საერთო კრება ზედაეწერის, ჩხორიასა და ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩაატარეს.

“დასახლების საერთო კრება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვსაზღვროთ სოფლის პრიორიტეტები. ჩვენი მიზანი, მიმდინარე წელს ყველა სოფელში მისასვლელი გზების კეთილმოწყობა, გარე განათებისა და წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებაა. ინფრასტრუქტურა 2017 წელს პრიორიტეტად რჩება”,-აღნიშნა ზუგდიდის გამგებელმა, ლაშა გოგიამ შეხვედრაზე.

საერთო კრებაზე, მოსახლეობამ სხვადასხვა პრიორიტეტები დაასახელა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ზედაეწერში დასახელდა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები: წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრში (სოხუმის ქუჩაზე) ასფალტის საფარის რეაბილიტაცია, შიდა გზების მოხრეშვა.

სოფელ ჩხორიას მოსახლეობამ დაასახელა მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები: ზემო ჩხორიაში 1, 5 კმ-ზე გზის ფერდობის რეაბილიტაცია, საფიფიოს უბანში ფერდობზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სათორდიოს უბანში გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. დასახლების საერთო კრებაზე მოსახლეობამ გამგებელს წყალმომარაგებისა და გარე განათების პრობლემის მოგვარება სთხოვა, რაზეც სოფლის მოსახლეობამ გამგებლისგან თანხმობა მიიღო.

სოფელ ტყაიაში მოსახლეობამ შემდეგ პრიორიტეტულ პროექტებს უყარა კენჭი: სოფლის ცენტრამდე გზის მშენებლობის მე-3 ეტაპი (1150 გრძივი მეტრი), სოფლის ცენტრიდან 1300 მეტრზე ბეტონის საფარის დაგება, გარე განათების მოწყობა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დღეს დაიწყო და ის 48 ადმინიტრაციულ ერთეულში ჩატარდება.

სხვა ახალი ამბები: