ზუგდიდის თეატრმა 150-ე, საიუბილეო სეზონი პრემიერით გახსნა

0
ზუგდიდის თეატრმა 150-ე, საიუბილეო სეზონი სპექტაკლის “ეზოში ავი ძაღლია” პრემიერით გახსნა.

სპექტაკლის პრემიერას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ლაშა გოგიამ თეატრის დასს იუბილე მიულოცა და მისალოცი ბარათი გადასცა. ,, გილოცავთ თეატრის 150 წლის იუბილეს. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ საყვარელი საქმის მიმართ ერთგულება, სიყვარული და დაუღალავი შრომა ქმნის პროფესიონალიზმს. თქვენ ხართ პროფესიონალები და ჩვენ არაერთხელ გავხდით თქვენი სცენური ემოციების გამზიარებლები. დიახ, თქვენ გაკისრიათ მნიშვნელოვანი როლი ახალგაზრდებში და არამარტო ახალგაზრდებში, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასა და მის შენარჩუნებაში, ქართული კულტურის განვითარებაში, ერის სულიერების ამაღლებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, მაყურებლის სიყვარულს, თქვენი სპექტაკლების დიდი ოვაციებითა და ანშლაგით დასრულებას . არაერთხელ მიგენიჭებინოთ სიხარული მაყურებლისთვის და არნახულ სიმაღლეზე აგეყვანოთ ჩვენი პატარა ქალაქის თეატრი.“

2 წელიწადში ზუგდიდს სრულად რეაბილიტირებული თეატრი ექნება და წლობით არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

ზუგდიდში ისტორიული თეატრის რეაბილიტაცია დაწყებულია. ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი. დიდი დარბაზი გათვლილია 370 მაყურებელზე, მცირე დარბაზი კი 130 მაყურებელზე. თეატრს ექნება სახელოსნო, საგრიმიორო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, განთავსდება სასტუმრო. გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების უახლესი აპარატურა.