ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადაეცა

0

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ორ ახლადაშენებულ თორმეტსართულიან კორპუსში 144 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები ადგილობრივი მთავრობისა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გადასცეს.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის თქმით, შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო. მასში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.

„ჩვენ დამატებით ოთხ თორმეტსართულიან კორპუსს ვაშენებთ, რომელსაც კომპანია ოქტომბერში ჩაგვაბარებს. ყველა ის დევნილი, ვინც უბინაოა და არის უმძიმეს მდგომარეობაში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება“, – განაცხადა გიორგაძემ.

ახალ კორპუსებში დევნილებმა 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინები მიიღეს. მათი თქმით, ახალ საცხოვრებელს, უკვე, წლებია ელოდებიან.

„25 წელიწადია, ბინას ველოდებით. ჩვენ 6 სულიანი ოჯახი ვართ. ძალიან მოგვეწონა“, – თქვა ერთ-ერთმა დევნილმა კობა შენგელიამ, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ამ დრომდე ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ცხოვრობდა.

ბინების გადაცემის პროცესი ბარამიას ქუჩაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. რამდენიმე დევნილის თქმით, ისინი გაუსაძლის პირობებში არიან და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი.

სხვა ახალი ამბები: