ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება

0

ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს ლაშა ჯაიანთან ერთად დაათვალიერა.

ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება. ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება. სამშენებლო სამუშაოები ერთ წელიწადში დასრულდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, 15 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი კი 2017 წელს ახალკახათში აშენდა.