ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

0

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიშთან“, სადაც დევნილებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს. შენობის გარეთ შეკრებილები იყვნენ ის დევნილები, რომელთა თქმით, სიაში ვერ მოხვდნენ და ბინებს ვერ მიიღებენ.

დევნილთა სამინისტრო დღეს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ორ თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ფართებს 144 დევნილ ოჯახს გადასცემს. 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. სამინისტროს ცნობით, გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

კენჭისყრის პროცედურას მინისტრის პირველი მაოდგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებიც ესწრებიან. კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში 7 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 4 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც 2017 წლის ბოლომდე ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს.

სხვა ახალი ამბები: