ზუგდიდში ევროპის დღე 2018 აღნიშნა

0

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროპის დღე 2018 აღნიშნა. სკეიტ პარკი ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცა და თითოეული სტუმარი, მთელი დღის განმავლობაში გასართობი აქტივობებით, ევროკავშირში ამოგზაურა.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის ისტორიას. ასევე, გაეგოთ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მოეწყო ევროსოფელი, გაიმართა შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში, დღის ბოლოს მოეწყობა ფილმის ჩვენება .

ღონისძიება ოფიციალურად ევროკავშირის ელჩის ატაშემ მიკოლაი ბეკასიაკიმ გახსნა.

სტუმრებს სიტყვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და საქართველოს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მიმართეს.

„საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები მრავალ წელს ითვლის და თანდათან უფრო ძლიერდება. ურთიერთობების ახალი ეტაპს კი საფუძველი ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩაეყარა. საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და სახელმწიფოებრივ განვითარებას. დღეს, ზუგდიდში ევროპის დღეებს აღვნიშნავთ. ეს სიმბოლურიცაა, ვინაიდან ზუგდიდი თავისი ისტორიით ყოველთვის იყო ევროპული ქალაქი”-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

ევროპის დღე ყოველ წელს აღინიშნება, 9 მაისის „შუმანის დეკლარაციის“ იუბილესთან დაკავშირებით. ამ დღეს, 1950 წელს, რობერტ შუმანმა (იმ დროისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა) გააჟღერა იდეა, რაც ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შექმნას გულისხმობდა. ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაერთიანების შედეგად გამოირიცხებოდა ევროპის ხალხთა შორის ომის და დაპირისპირების ალბათობა. ომის თავიდან აცილების მიზნით ქვეყნების გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ევროკავშირს. დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და უკვე 60 წელია ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია.

წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება.