ზუგდიდში თხილის ახალი საწარმო “ჯიენ კომპანი” ამოქმედდა

0

ზუგდიდში კიდევ ერთი თხილის საწარმო შპს  „ჯიენ კომპანი“  ამოქმედდა. საწარმოს ხვალ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი, ლევან შონია დაათვალიერებენ.

საწარმოში 23 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 396 ტ. მოხალული თხილის გულის, მოხალული დაჭრილი თხილის გულს/ ფქვილს აწარმოებს. პროდუქცია 100% განკუთვნილია საექსპორტოდ ევროკავშირის ქვეყნებში.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 557 412 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 222 906 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო  278 706 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს უახლოეს მომავალში. ISO:22000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 8,980 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 2694  დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა,  4,490 დოლარის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა ხოლო დარჩენილი, 1,796 აშშ დოლარის გადახდა ბენეფიციარმა თავად უზრუნველყო. შპს ჯიენ კომპანი ელოდება საბოლოო აუდიტის დასკვნას, რომელიც დაგეგმილია ოქტომბრის ბოლოს და შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს ნოემბრის ბოლოს.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 153 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სხვა ახალი ამბები: