C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ზუგდიდში აღინიშნა

0

მუნიციპალიტეტის მერის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ორგანიზებით მერიის სააქტო დარბაზში სკრინინგის პროგრამაში ჩართული ექიმების დაჯილდოება გაიმართა. ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას ხელმოწერით მადლობის სიგელები იმ ექიმებს გადაეცათ ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დაავადებასთან ბრძოლის პროცესში.

,,წელს ჩვენ გადავწყვიტეთ განსხვავებულ ფორმატში აღგვენიშნა ეს თარიღი და კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენი დამოკიდებულება C ჰეპატიტის პრობლემის მიმართ. პაციენტი და ექიმი ჩვენთვის ორივე მხარე ერთნაირად მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იმ პირების გაუთვალისწინებლად ვისაც ეს ევალება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ნებისმიერი ეფექტური პროგრამა, რამდენად აკადემიურადაც არ იყოს გაწერილი წარუმატებელი იქნება, თუ მის განხორციელებას კვალიფიციური ადამიანური რესურსი არ ახდენს. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გვინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატოთ იმ პირების მიმართ, ვისი დაუღალავი შრომაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებულად განხორციელების გარანტია. ის რომ პროგრამა წარმატებულია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს უდავოა და ყველა აღიარებს” – განაცხადა შეხვედრაზე სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ.

შეხვედრას ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარომადგენლები ესწრებოდნენ.

ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ. C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა.

პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.