მამუკა ბახტაძე – ჭუბერში ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24-საათიან მონიტორინგს

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

პრემიერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბშიც მივიდა, სადაც მოისმინა ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს, მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა, წყლით, საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მათი მომარაგება დაავალა.

“საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება, 6 ხიდია წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული, ახლა ველოდებით წყლის დონის დაწევას, რომ დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია, ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია, რაც შეეხება საკვები პროდუქტების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შემოტანას.

ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24-საათიან მონიტორინგს. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში ყველგან უნდა გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ორგან გვაქვს და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებას, რათა ყველგან გვქონდეს დამონტაჟებული აღნიშნული სისტემები.

ეს საშუალებას მოგვცემს, პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ. პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტყის უსისტემო ჭრამ და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.