პრემიერი: “თუკი გადავხედავთ ჩვენს წარმატებებს ამ წლის განმავლობაში, დაუჯერებელია, რომ მხოლოდ ერთი წელიწადი გავიდა”

0

garibashvili_11საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, გასული წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„თუკი გადავხედავთ ჩვენს წარმატებებს ამ წლის განმავლობაში, დაუჯერებელია, რომ მხოლოდ ერთი წელიწადი გავიდა. იანვარში მე და ჩემმა გუნდმა დავსახეთ მიზნები და პრიორიტეტები, დაწყებული ევროინტეგრაციით და დამთავრებული რეფორმებით, რათა საქართველო გამხდარიყო რეგიონალური და გლობალური მოვლენების მნიშვნელოვანი მონაწილე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ასპექტში დიდ წინსვლას მიაღწია.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება სწრაფად წარიმართა – ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ და ევროპარლამენტმა უკვე განახორციელეს მისი რატიფიცირება; ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში უზარმაზარი წინსვლა დაფიქსირდა – ევროკომისიამ საბოლოო დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა; საქართველოსთვის მინიჭებულმა არსებითმა პაკეტმა ხელი შეუწყო ნატოსთან ურთიერთობების განმტკიცებას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვიზის ლიბერალიზაცია თავიდანვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო და საქართველოს მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა განხორციელებინა რეფორმები, კანონმდებლობისა და მმართველობის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად.

„მოხარული ვართ, რომ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და მზად არის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, 2015 წელს, საქართველოს მთავრობამ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაში, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესა და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში მოცემული გზამკვლევებით ხელმძღვანელობდა, განახორციელა დემოკრატიული რეფორმები და დამაჯერებლად გააუმჯობესა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები.

თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, 2015 წელი ყველაზე მეტად მაინც საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის, როლის ზრდით გამოირჩევა.
„აბრეშუმის გზის” აღორძინებამ მოიტანა ახალი შესაძლებლობები და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი მათი გამოყენება. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის  დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რათა მათ გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები, გაცვალონ იდეები და გააფართოონ პარტნიორობა. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველი მინისტერიალის მასპინძლობის შესაძლებლობა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაასახელა 2016 წლის პრიორიტეტები:

ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გაგრძელება და სტაბილური პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე;

საქართველოს, როგორც რეგიონული ბიზნესის ცენტრისა და მაკავშირებლის, როლის გამოყენება;

ტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა;

მომავალ წელს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ 2015 წელს დაუღალავად იშრომა, რათა საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრებაში ყოველი დღე უკეთესი ყოფილიყო.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა წამოწყების განხორციელება, საერთაშორისო პარტნიორების უპირობო მხარდაჭერის გარეშე, რთული იქნებოდა და დიპლომატებს საქართველოს ოცნების ხორცშესხმაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საზეიმო მიღებას მინისტრთა კაბინეტის წევრები და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.