სოციალურ საკითხებზე მომუშავე მობილური ჯგუფები მარტოხელა ბენეფიციარებს სტუმრობს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს პროგრამას ,,სოციალურ საკითხებზე მომუშავე მობილური ჯგუფი“ ახორციელებს.

სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი – მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენს, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები.

პროგრამაში 80-მდე ბენეფიციარია ჩართული.

მობილური ჯგუფი დაკომპლექტებულია სამედიცინო მუშაკით, დამლაგებლით, მძღოლითა და ახალგაზრდა მოხალისეებით. მობილური ჯგუფის წევრები წინასწარ შერჩეულ მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებს ადგილზე მისვლით უწესრიგებენ საცხოვრებელ გარემოს, კარ-მიდამოს, ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.

სოციალურ საკითხებზე მომუშავე მობილური ჯგუფის წევრები დღეს ზუგდიდში 7 მარტოხელა ბენეფიციართან იმყოფებოდნენ, რომელთაც საცხოვრებელი გარემო მოუწესრიგეს და მედიკამენტები გადასცეს. მობილურ ჯგუფთან ერთად მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია იმყოფებოდნენ.

პროექტი ხელს უწყობს მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას.

პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2017 წელს, ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად დაინერგა.